ანიტას დღეს ჩამოასვენებენ

2 წლის ანიტა ფაცაციას საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გოგონას დედის მეგობარი, მარიკა ხუციშვილი ავრცელებს.

“ძალიან მიჭირს ამ სიტყვების დაწერა:

ანიტას ჩამოასვენებენ კვირას, 2 თებერვალს 20:15 საათზე. სამთავრობო გასასვლელიდან გამოვლენ, ამიტომ შიგნით ვერ შეხვალთ. ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა ვთხოვო/მოვთხოვო ჟურნალისტებს!

ძალიან გთხოვთ, არავინ არ მოხვიდეთ ფოტოების, სიუჟეტების, ლაივ/სინქრონების და კომენტარებისთვის! ამას იმიტომ ვწერ, რომ ბევრმა გვთხოვა კომენტარი გაგვეკეთებინა (არ ვიცი რა კომენტარი შეიძლება გაგვეკეთებინა) მე და ჩემ მეგობრებს, რაც ძალიან მიუღებელია ამ სიტუაციაში.

ამიტომ გთხოვთ, დაფიქრდით სანამ რამეს მოიმოქმედებთ. თუნდაც ფოტო გადაიღოთ, დაფიქრდით ანიტას ოჯახის წევრები რას იგრძნობენ ამ ფოტოს რომ შეხვდებიან სოც. ქსელში.

▪️ხუთშაბათს, 6 თებერვალს, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ამაღლების ეკლესიიდან გამოასვენებენ ანიტას… არ მჯერა, რომ ეს დავწერე… მადლობა რომ ბოლომდე იბრძოდით… ბოდიში, რომ დაგპირდით და ეს ამბავი კეთილ დასასრულამდე ვერ მივიყვანეთ… ახლა უკვე ერთადერთი რასაც ვნატრობ, ანიტას მამამ, რომელსაც დღეს 28 წელი შეუსრულდა და დედამ რომელიც ჩემთვის მეგობარზე, დაქალზე, დაზე მეტია და ახლა ჩემი გმირიც გახდა, ფიზიკურად მაინც გაუძლონ ამ ყველაფერს.”- წერს მარიკა ხუციშვილი.

multimedia.ge თავს იკავებს გარდაცვლილის ფოტოს გამოქვეყნებისგან, რადგან მიგვაჩნია, რომ ემოციურად ეს კიდევ უფრო მძიმეა მისი ოჯახისთვის. ინფორმაციის გავრცელების გადაწყვეტილება კი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარეობს.

ფეისბუქის კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

You may have missed