სულ მალე… ახალ, ფართო, ყველასათვის გასაგებ და ხელმისაწვდომ კამპანიას დავიწყებთ – ირმა ინაშვილი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც “ndi”-ს კვლევებს ეხება.

“იყო პერიოდი, როცა ფალსიფიცირებულ ლიმონათს კუსტარულ პირობებში, სარდაფებში ან პირდაპირ საპირფარეშოებში ასხამდნენ. მერე იმავე სარდაფში ამავე “ლიმონათს” საგულდაგულოდ აწებებდნენ ეტიკეტს: “ყველაზე ჯანსაღი, ყველაზე გემრიელი, ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა” და ა.შ. ჩვეულებრივ საწამლავს გვასმევდნენ, თან გვარწმუნებდნენ, რომ უმაგრესია. ათწლეულების მანძილზე ვსვამდით ამ “ლიმონათს” და ახლა გვიკვირს, საიდანაა ონკოლოგიური დაავადებების ასეთი მაღალი მაჩვენებელი.

სწორედ აბაზანაში ჩამოსხმული “ლიმონათის” ბიზნესს თუ შევადარებთ არა მარტო NDI-სა და IRI-ს თბილისის ოფისების “საქმიანობას” ( ე.წ. კვლევებს, ამ დროს- ფალსიფიკაციას), არამედ სოციალურ ქსელში ე.წ. რეიტინგების გავრცელების კომიკურ ტენდენციას, რაც წვრილ-წვრილი ფალსიფიკატორების თვითშემოქმედებაა და უკვე ვეღარც იყიდება პოლიტიკური “ლიმონათის” ბაზარზე.

სწორედ ამიტომ, სულ მალე… ახალ, ფართო, ყველასათვის გასაგებ და ხელმისაწვდომ კამპანიას დავიწყებთ. ვისაც გამოცდილება აქვს (და ასეთნი ამ სივრცეში ბევრნი ხართ) უნდა ხვდებოდეს, რომ საპირფარეშოებში ჩამოსხმული “რეიტინგებით” საზოგადოებას წინასწარ წამლავენ და 2020-სთვის ქართველი ხალხის მორიგჯერ გაცურებასა და მოტყუებას გეგმავენ. ისევ მიშა-გიგას დატოვება უნდათ.

ვნახეთ ერთხელ ეს კინო. ფინალიც დავიზეპირეთ, მაგრამ ამჯერად რეჟისორს, თუ რეჟისორებს ქართველი ხალხი მოუგებს. ამასაც ერთად ვნახავთ! უბრალოდ, სულ გვახსოვდეს: სახლიდან, სამზარეულოდან, აივნიდან, თუ სადარბაზოდან ასეთ ომებს ვერ იგებენ. დარწმუნებული ვარ, ესეც ჩემზე უკეთესად გესმით. და რომ გესმით, მეც ეს მაიმედებს! ნურავის მოვატყუებინებთ თავს, ნურც უცხოელ და ნურც ადგილობრიც მაქინატორებს.”- წერს ირმა ინაშვილი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

ფეისბუქის კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

You may have missed