პრეზიდენტს მის მიერ წარდგენილი წევრის გამოწვევა არ შეუძლია – ბესელია ანა დოლიძეზე

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას თქმით, პრეზიდენტს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის, უკან გაწვევის უფლება არ აქვს

„პრეზიდენტის უფლებამოსილებები კონსტიტუციაში კონკრეტულად არის გაწერილი. არც მიმატება შეიძლება, არც გამოკლება. თუ პრეზიდენტის უფლებამოსილებაში წერია, რომ მას მის მიერ წარდგენილი კანდიდატის უკან გამოწვევა არ შეუძლია, ეს ასეა. იუსტიციის საბჭოს წევრები კონსტიტუციას უნდა კითხულობდნენ. იმიტომ,რომ  ქვეყნის ძირითადი კანონი ეს არის.

სწორედ ამიტომ, მის უფლებამოსილებებს ვერაფერი დაემატება ისეთი, რაც კონსტიტუციაში ჩაწერილი არ არის.

წევრის უკან გამოწვევის უფლება აქვს პარლამენტს, იმიტომ, რომ პარლამენტს ეს კანონშიც უწერია, რეგლამენტითა და კონსტიტუციითაც არ არის ეს აკრძალული. თუმცა,იმდენად დიდია ამის სურვილი, რომ არ გამოვრიცხავ საბჭოს წევრებმა ჩანაწერი ისე წაიკითხონ როგორც სურთ.

იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებზე, რომლებიც გამაოგნებელ განცხადებებს აკეთებენ, არ მაქვს მაღალი წარმოდგენა იმისა, რომ ისინი კანონმდებლობაში კარგად ერკვევიან. საბჭოს წევრებმა გადააბიჯეს ყველა წითელ ზღვარს და იქცევიან ისე, რაც ნამდვილად შეურაცხყოფს და აზიანებს საბჭოს რეპუტაციას“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 11 წევრი ანა დოლიძისთვის საბჭოში უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს.

მოთხოვნის საფუძვლად ისინი ანა დოლიძის პოლიტიკურ საქმიანობას ასახელებენ. მათი განმარტებით, პოლიტიკური საქმიანობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელია.

ფეისბუქის კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

You may have missed