მუსიკოსები ოკუპაციის წინააღმდეგ“ – დღეს პარლამენტთან აქცია – კონცერტი გაიმართება

დღეს, ანტისაოკუპაციო აქციის მე-15 დღეს პარლამენტთან ცნობილი მომღერლები და ჯგუფები აქცია-კონცერტს გამართავენ. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, დღეს სიტყვით გამოსვლები არ იქნება და სცენა მხოლოდ სოლო შემსრულებელსა და ბენდებს დაეთმობათ.

“პროტესტის მეთხუთმეტე დღეს გადავწყვიტეთ, რომ გრანდიოზული კონცერტი გაგვეკეთებინა და ყველა ის არტისტი დაგვეპატიჟებინა, რომელიც ჩვენს მოთხოვნებს იზიარებს. კონცერტს ექნება სიმბოლური სახელი -“მუსიკოსები ოკუპაციის წინააღმდეგ“ და აქ ვიხილავთ ძალიან ბევრ სოლო შემსრულებელსა თუ ქართულ ბენდს, რომლებიც ცნობილი არიან და დიდი სიყვარულით სარგებლობენ. ბუნებრივია, როდესაც არტისტები ერთვებიან პროტესტში , ის უფრო ძლიერი ხდება იმიტომ, რომ ხელოვანების წვლილი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში ძალიან მაღალია. მითუმეტეს, მათი ხედვებიც, მათი იდეებიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გრძელვადიანი პროტესტი უფრო მრავალფეროვანი გახდეს და უფრო ძლიერი. ამიტომაც, ჩვენ შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად მეტი ადამიანისთვის მიგვეცა დღეს სცენაზე გამოსვლის საშუალება“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა.

შეგახსენებთ, საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომელიც უკვე ორი კვირაა გრძელდება, შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

ფეისბუქის კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

You may have missed