“პრაქტიკაში არ ყოფილა ჯერ საქართველოში, სამაგიდო სიები იყოს გადაცემული არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე”

“გაერთიანებული ოპოზიციის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ ზუგდიდის საარჩევნო ოლქში დარღვევას ჰქონდა ადგილი, რის გამოც საოლქო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი უნდა გადადგეს. ამის შესახებ სანდრა რულოვსმა გაერთიანებული ოპოზიციისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

“ჩვენ ვითხოვთ ქალბატონ მირანდა მესხის გადადგომას. ასეთ უხეშ დარღვევას არ უნდა ჰქონდეს ადგილი. პრაქტიკაში არ ყოფილა ჯერ საქართველოში, სამაგიდო სიები იყოს გადაცემული საუბნო კომისიებისთვის არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე. იქ არის პირადი ინფორმაცია, ჩვენი ამომრჩევლების სურათები, მარტო ჩვენი კი არა, მთელი ზუგდიდის ამომრჩევლების. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ამომრჩევლებზე იქნება დიდი ზეწოლა“, – აღნიშნა სანდრა რულოვსმა.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ამ წუთებში საქართველოში მოქმედი საელჩოების წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრაზე სანდრა რულოვსმა ზუგდიდში გუშინ მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრები წარადგინა.

შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვეს ამ მოთხოვნის მიზეზად კი ის გარემოება დაასახელეს, რომ 50-მდე უბანზე უკვე გატანილია სამაგიდო სიები და ბეჭდები, რაც მათი თქმით, დარღვევაა.

ფეისბუქის კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *